GEORGIA FRANCE NEWS
Info French »
მთავარი პოლიტიკა კულტურა სპორტი ჯამრთელობა საზოგადოება ფოტოგალერეა ინტერვიუ ემიგრანტები მოგზაურობა განცხადება კონტაქტი
ყველაფერი სპორტის შესახებ ვარდენ მეკალმიშვილთან ერთად| "ქართველები მოვდივართ,ჩაიჩოჩე ევროპავ!"
43
სპორტი
ყველაფერი სპორტის შესახებ ვარდენ მეკალმიშვილთან ერთად| "ქართველები მოვდივართ,ჩაიჩოჩე ევროპავ!"


ფეხბურთი რომ მთელს დუნიაზე ყველაზე პოპულარული, ყველაზე სანახაობრივი და ყველაზე ემოციური სპორტის სახეობაა, ამას დიდი ფიცი-მტკიცი არ სჭირდება. ეს საოცარი თამაში ყველაზე მეტად აერთიანებს ერებსა თუ სახელმწიფოებს, მაგრამ ხშირად მათი დაპირისპირებისა და სხვადასხვა ტრაგედიის მიზეზიც გამხდარა. ცნობილი ფაქტია, თუ როგორ დაცხრილა პისტოლეტით კოლუმბიელმა გულშემატკივარმა თავისი ნაკრები გუნდის მცველი და კაპიტანი, რომლის შეცდომის გამო, კოლუმბიელებმა მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში წააგეს. ასევე ფეხბურთის გამო, 1969 წელს, საომარი მოქმედებები დაიწყო ორ სახელმწიფოს, ჰონდურასსა და სალვადორს შორის, რომელიც ერთ კვირას გაგრძელდა და მხოლოდ აშშ-ის მთავრობის ჩარევის შემდეგ შეწყდა...
სამწუხაროდ, ქართული სპორტი არასოდეს გამორჩეულა სათამაშო გუნდურ სახეობებში რაიმე მნიშვნელოვანი წარმატებით. და აი, ჩვენ შევძელით და დავანახეთ ევროპას, არა, არა, მთელ მსოფლიოს, რომ ჩვენც ვიცით ფეხბურთის თამაში, რომ ჩვენც შეგვიძლია ფეხბურთის გრანდებთან გოლების გატანა და მათი დამარცხებაც კი.
და ყველაზე უმთავრესი, ჩვენ შევძელით და ყველას დავანახეთ, რომ ჩვენც ვართ გუნდი, ერთ მუშტად და ერთსულად შეკრული თერთმეტი ქართველი, რომლებიც ისევე თავდადებით იბრძვიან საფეხბურთო მოედანზე, როგორც მაშინ, ჩვენი ისტორიის ყველაზე გამორჩეულ დღეს, დიდგორის ველზე...
ვინ იცის, თუ როგორ გვჭირდებოდა ეს გამარჯვება, რომელმაც მთელ ერს თავდაჯერება და მომავლის რწმენა შეგვმატა...
ვინ იცის, როგორ გვჭირდებოდა ეს წარმატება, რომელმაც მთელ მსოფლიოს ანახა თუ რა შეუძლია ერთ მუშტად შეკრულ ქართველებს...
და კიდევ ერთი, ჩვენ სათანადოდ უნდა დავაფასოთ იმ დიდი პროფესიონალის ამაგი, რომელმაც ერთ გუნდად შეკრა ეროვნული ნაკრები და მიუხედავად მიზერული ანაზღაურებისა თუ მწირი სპორტული არსენალისა, ისტორიაში პირველმა შეძლო ჩვენი ფეხბურთის ევროპულ ორბიტაზე გაყვანა...
გმადლობ, ვილი სანიოლ...
მოკლედ, შესანიშნავად დასრულდა ერთერთი გამორჩეული ზღაპარი ქართული სპორტის ისტორიაში. გუნდმა, რომელსაც ევროპის ჩემპიონატის მონაწილე 24 ნაკრებ გუნდს შორის ყველაზე დაბალი რეიტინგი ჰქონდა და აშკარა, უშანსო აუტსაიდერად იყო აღიარებული, შეძლო და ჯგუფში დაკავებული მესამე ადგილიდან გააღწია ტურნირის მეოთხედფინალში, სადაც უძლიერეს ესპანელებთან დამარცხდა. ჩვენმა მოწინააღმდეგემ საოცარი თამაში აჩვენა, ტურნირის ფავორიტის შესაფერისი თამაში. მეოთხედფინალში ფურია როხა (ასე ეძახიან ესპანეთის ნაკრებს) მასპინძლებს, უზადოდ მოთამაშე გერმანულ მანქანას შეხვდება. ეს იქნება ნამდვილი ფინალი ფინალამდე. ჩემი სიმპათიები რასაკვირველია, ესპანელებისა და მათი შემოქმედებითი ფეხბურთის მხარესაა.
ვნახოთ, ვის გაუმართლებს ფორტუნა, მთავარია, რომ წინ ძალზედ საინტერესო მატჩი გველის...
მეოთხედფინალის დანარჩენი სამი წყვილი ასეთია:
საფრანგეთი- პორტუგალია, შვეიცარია-ინგლისი და ნიდერლანდები- თურქეთი. როგორც ვხედავთ, ჯგუფში ჩვენი ორივე მოწინააღმდეგე, პორტუგალია და თურქეთი უკვე მოხვდნენ ევროპის რვა უძლიერესი ნაკრების სიაში და წარმატებით აგრძელებენ ასპარეზობას. ამით კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ჩვენი ჯგუფი ერთერთი უძლიერესი იყო მიმდინარე პირველობაზე და რომ ჩვენმა ნაკრებმა მართლაც შეუძლებელი შეძლო. აქვე უნდა აღინიშნოს თურქთა ახალგაზრდული ნაკრების ბრწყინვალე თამაში და თავგანწირულ ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვება ავსტრიელებთან. უნდა ითქვას, რომ სამიოდე თვის წინ , ეს გუნდები ვენაში შეხვდნენ ერთმანეთს ამხანაგურ მატჩში და ავსტრიელებმა გაანადგურეს თურქები, 6-1. რაც შეეხება გუშინდელ მატჩს, იტალიელი მწვრთნელის, ვინჩენცო მონტელას შეგირდებმა შესანიშნავი თამაში აჩვენეს და 2-1 დაამარცხეს მათთვის უხერხული მოწინააღმდეგე...
ახლა კი, ისღა დაგვრჩენია, წარმატებები ვუსურვოთ ჩვენს ყოფილ პარტნიორებს ჯგუფში, პორტუგალიის და თურქეთის ნაკრებ გუნდებს...
გუშინ ლატვიაში, კერძოდ კი მის დედაქალაქ რიგაში, დაიწყო პარიზის ოლიმპიადის შესარჩევი ტურნირი კალათბურთში. ტურნირში ექვსი გუნდი მონაწილეობს და მხოლოდ გამარჯვებული მიიღებს ოლიმპიადაზე გამოსვლის უფლებას. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ კალათბურთის გუნდში თორმეტი მოთამაშე ირიცხება, აღნიშნულ ტურნირზე წარმატება მნიშვნელოვნად გაზრდიდა ჩვენი ოლიმპიელების რიცხვს, რომელიც სამწუხაროდ, სასურველზე ნაკლებია...
პირველი თამაში ჩვენმა ბიჭებმა მასპინძლებთან ჩაატარეს და დამარცხდნენ. წინ კიდევ ოთხი ტურია და საქართველოს ნაკრებს აქვს შანსი გამოასწოროს სიტუაცია. მითუმეტეს, როგორც გვახსოვს, ჩვენმა ფეხბურთელებმაც წაგებით დაიწყეს თავიანთი წარმატებული გამოსვლა ევროპის მიმდინარე გათამაშებაზე.
ხვალ, პარიზის დროით 14-30 საათზე, ჩვენი ნაკრები ფილიპინების გუნდს დაუპირისპირდება.
წარმატებები ვუსურვოთ ქართველ სპორტსმენებს!


ნავიგაცია

საქართველო 919 არჩევნები 2024 10 საფრანგეთი 326 მსოფლიო 513 პოლიტიკა 439 კულტურა 101 სპორტი 516 ჯანმრთელობა 34 საზოგადოება 511 ფოტოგალერეა 0 ინტერვიუ 6 ემიგრანტები 135 მოგზაურობა 14 განცხადება 9 Info French 13 კარიერა 2


გვერდი
ჯგუფი
არხი

გამოკითხვა

ემიგრანტი ხართ?

კალენდარი

«    იანვარი 2025    »
ორსმოთხთპრშბკვ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

არქივი

დეკემბერი 2024 (17)
ნოემბერი 2024 (25)
ოქტომბერი 2024 (50)
სექტემბერი 2024 (33)
აგვისტო 2024 (4)
ივლისი 2024 (30)

TOP სიახლე


შემოგვიერთდით facebook-ზე


მეგობარი საიტები

site »