GEORGIA FRANCE NEWS
Info French »
მთავარი პოლიტიკა კულტურა სპორტი ჯამრთელობა საზოგადოება ფოტოგალერეა ინტერვიუ ემიგრანტები მოგზაურობა განცხადება კონტაქტი
პარიზი-2024-ის ოლიმპიურ სოფელში, ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მონაწილე სპორტსმენებს და მათი სამწვრთნელო გუნდის წევრებს, 230 000-ზე მეტი პრეზერვატივი უფასოდ გადაეცემათ.
24
საფრანგეთი / სპორტი
პარიზი 2024: ლიბიდო, ფრუსტრაცია და პერფორმანსი... ოთხი კითხვა ელიტური სპორტსმენების სექსუალურობის შესახებ წინასწარ შექმნილ შეხედულებებზე

ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტმა, სპორტსმენებისა და მათი სამწვრთნელო შტაბისთვის, 230 000 პრეზერვატივი შეუკვეთა. ამან უმაღლესი კატეგორიის სპორტსმენების აღვირახსნილი სექსუალურობის შესახებ ფანტაზია კვლავ წამოატივტივა.

პარიზი-2024-ის ოლიმპიურ სოფელში, ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მონაწილე სპორტსმენებს და მათი სამწვრთნელო გუნდის წევრებს, 230 000-ზე მეტი პრეზერვატივი უფასოდ გადაეცემათ. ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა ოლიმპიური შეჯიბრებისთვის, რომელიც ხუთივე კონტინენტიდან მილიონობით ვიზიტორს იზიდავს. 2016 წელს რიო-დე-ჟანეიროში 450 000-ზე მეტი პრეზერვატივი დარიგდა, ხოლო 2021 წელს ტოკიოში - 160 000-ზე მეტი. ასე რომ „სიყვარულის ქალაქად“ მონათლულმა პარიზმა გონივრული „ოქროს შუალედი“ დაიკავა.

ასეა თუ ისე, უმაღლესი კატეგორიის სპორტსმენების სექსუალური ცხოვრების შესახებ მცდარი წარმოდგენები კვლავ შენარჩუნებულია. ამ საკითხებზე გინეკოლოგი და სპორტის ეროვნული ინსტიტუტის (INSEP) სპორტული მედიკოსი, კაროლ მიეტრი იძლევა განმარტებებს.

აძლიერებს თუ არა სპორტული აქტივობა ლიბიდოს?

მართლაც ასე ძალიან არიან აღგზნებულნი სპორტსმენები და ქალები? - ამ კითხვას კაროლ მიეტრი უარყოფითად პასუხობს: „არა, ყოველ შემთხვევაში, საშუალოზე მეტად არა“, - კატეგორიულია სპორტული მედიკოსი. „მათი სექსუალურობის დონე ისეთივეა, როგორიც დანარჩენი მოსახლეობის. რამდენიმე წლის წინ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, სპორტსმენების სქესობრივი კავშირის სიხშირე მათი ასაკის მოსახლეობის ანალოგიურია“, - აცხადებს სპეციალისტი.

წმინდა ფიზიკური თვალსაზრისით, სპორტული აქტივობა ლიბიდოზე არ მოქმედებს. ტესტოსტერონის დონის გაზრდა მას მხოლოდ „ნორმის ფარგლებში“ შეუძლია, ამბობს მედიკოსი. უფრო პირიქითაც კი არის: „სპორტის ინტენსიურმა სახეობებმა (გრძელ დისტანციაზე სირბილი, ველოსპორტი და საერთოდ, ყველა ის სახეობა, რომელიც სხეულში ცხიმის რაოდენობას ამცირებს და ენერგიის დეფიციტს იწვევს) შეიძლება ტესტოსტერონის დონის დაქვეითება გამოიწვიოს“.

სპორტსმენების ნახევარზე მეტი, შეჯიბრების წინ, მისი მიმდინარეობისას და დასრულების შემდეგ, საერთოდ არ ცვლის სექსუალური აქტიურობის რეჟიმს.

აუმჯობესებს თუ არა სექსუალური დაუკმაყოფილებლობა სპორტულ შედეგებს?

„ნებისმიერი სახის იმედგაცრუება - სექსუალური თუ სხვა - შრომისუნარიანობას აქვეითებს“, - ამ ფართოდ გავრცელებულ მოსაზრებასთან დაკავშირებით, კაროლ მიეტრი ამბობს, რომ „სინამდვილეში, ეს ორი სრულიად საპირისპირო რამეა“. სპეციალისტის თქმით, „კარგად რომ იასპარეზო, საჭიროა კარგად გრძნობდე საკუთარ სხეულს და გონებას. ამისთვის კი საჭიროა ვარჯიში და პიროვნული განვითარება. უეჭველია, რომ ეს ორი კომპონენტი ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია“.

კაროლ მიეტრი ამბობს: „სპორტსმენები სწავლობენ სტრესის მართვას და გარე ზეწოლის გაძლებას, რაც დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია (პრესტიჟულია) ესა თუ ის შეჯიბრება. ამიტომ, ძალიან არსებითია ბალანსის დაცვა ოჯახურ და პირად ცხოვრებას შორის. სექსუალობა პირადული სფეროს ნაწილია, მაგრამ არა ერთადერთი. შეიძლება არსებობდეს ისეთი სპორტსმენიც, რომელიც კარგად იასპარეზებს მაშინაც კი, თუ მას სექსუალური აქტივობა ექვსი თვის განმავლობაში არ ჰქონია. სპორტსმენებისა და ქალების 80%-ზე მეტი მიიჩნევს, რომ მათი სქესობრივი ცხოვრება სპორტულ შედეგებზე გავლენას არ ახდენს“.

სპორტული მედიკოსის მტკიცებით, სტრესის ფაქტორი სპორტსმენების სექსუალურ აქტივობაში არანაირ როლს არ თამაშობს. „ზოგადად, სპორტსმენები, შეჯიბრების წინ, სექსუალურ აქივობას არ ზრდიან. ყველას საკუთარი ინტიმური ცხოვრება აქვს, იქიდან გამომდინარე, რისი მიღწევა სურს. არც ექიმები, არც მწვრთნელები და არც არავინ სპორტსმენების და ქალების ინტიმურ სფეროში არ ერევა“.

აქვს თუ არა ზოგიერთ მწვრთნელს „სექსის პოლიტიკა“?

ყატარის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დროს, გაზეთმა „ეკიპმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საფრანგეთის ფეხბურთელთა ნაკრების მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა ფეხბურთელების მეუღლეებს ქმრების მონახულების უფლება მისცა. ამან ფეხბურთელების ინტიმურ ცხოვრებასა და „სექსის პოლიტიკაზე“ მწვრთნელის გავლენის შესახებ ფანტაზიები გააღვივა.

„ასეთი რჩევების მიცემა შეუძლებელია“, - აცხადებს სპორტული მედიკოსი. სპორტსმენისთვის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობა ოჯახისა და პირადული ცხოვრების დროებით გვერდზე გადადებას გულისხმობს. ზოგიერთი მოთამაშე ახალგაზრდა მამაა. მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია სპორტულ შედეგსა და პირად ცხოვრებას შორის ბალანსის შენარჩუნება. წონასწორობის დაცვისა და სპორტული წინსვლისთვის კი პარტნიორებთან და შვილებთან ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ, ეს ის მომენტია, როდესაც სპორტულ ასპარეზობაზე პარტნიორებისა და შვილების დასწრება სპორტსმენს მთელი თავისი შესაძლებლობების გამოვლენაში ეხმარება.

ამასთან დაკავშირებით, კაროლ მიეტრი განმარტავს, რომ ამ ზაფხულს პარიზში, „ოლიმპიური სოფლიდან არც თუ ისე შორს, შეიქმნება პირობები იმისთვის, რომ სპორტსმენებს პარტნიორი და შვილები ახლოს ჰყავდეთ. სპორტმენები ბევრს მუშაობენ იმისთვის, რომ საკუთარი შესაძლებლობები შეინარჩუნონ და უმაღლეს შედეგებს მიაღწიონ, მაგრამ, ამავე დროს, პირადული ცხოვრების ბალანსის დაცვა ამ ამოცანის შესრულების განუყოფელი ნაწილია“.

ზრდის თუ არა ოლიმპიური თამაშები სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების მაჩვენებელს?

ზაფხულის ოლიმპირი თამაშების მონაწილეებისთვის პრეზერვატივის დარიგება იმ ფართო კამპანიის ნაწილია, რომელიც სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების პრევენციას ისახავს მიზნით. ოლიმპიური თამაშები არის ხალხის დიდი მასის კონტაქტის პერიოდია: სპორტსმენები, პერსონალი, თანამშრომლები, მოხალისეები და მილიონობით მაყურებელი... „როგორც ხალხის ნებისმიერი დიდი თავშეყრის შემთხვევაში, ჩვენ ვიზრუნებთ იმაზე, რომ თავიდან ავიცილოთ სეზონური რესპირატორული ინფექციები, მაგრამ უფრო მეტი რისკი სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების შემთხვევაში არსებობს“, - ამბობს სპეციალისტი. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკების პრევენცია „დიდი ღონისძიებების ორგანიზატორების პასუხისმგებლობის ნაწილია და ძალიან კარგია, რომ ამ თემაზე ტაბუ არ არსებობს!“.

თუმცა, უფასოდ დარიგებული პრეზერვატივების რაოდენობა - 230 000 - ოლიმპიური თამაშების პერიოდში სპორტსმენების სექსუალურ აქტივობას არ შეესაბამება: „ის გარკვეულ საჭიროებებს დააკმაყოფილებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ სპორტსმენები ყველა მათგანს აუცილებლად გამოიყენებენ. იქნებიან ისეთებიც, რომლებიც ამ პრეზერვატივებს კოლექციისთვის შეინახავენ“.

წყარო francetvinfo.fr


ნავიგაცია

საქართველო 919 არჩევნები 2024 10 საფრანგეთი 326 მსოფლიო 513 პოლიტიკა 439 კულტურა 101 სპორტი 516 ჯანმრთელობა 34 საზოგადოება 511 ფოტოგალერეა 0 ინტერვიუ 6 ემიგრანტები 135 მოგზაურობა 14 განცხადება 9 Info French 13 კარიერა 2


გვერდი
ჯგუფი
არხი

გამოკითხვა

ემიგრანტი ხართ?

კალენდარი

«    იანვარი 2025    »
ორსმოთხთპრშბკვ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

არქივი

დეკემბერი 2024 (17)
ნოემბერი 2024 (25)
ოქტომბერი 2024 (50)
სექტემბერი 2024 (33)
აგვისტო 2024 (4)
ივლისი 2024 (30)

TOP სიახლე


შემოგვიერთდით facebook-ზე


მეგობარი საიტები

site »